სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის 317 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი - აჭარის მთავრობა

29 თებერვალი 2024, 13:17 316 ნახვა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში განხორციელდება  საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები.


"აქტიურად ვიწყებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. ამ მიმართულებით 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები. თითოეულ სოფელში, 317 სოფელს მოიცავს აღნიშნული პროგრამა. განხორციელდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი სისტემების, საირიგაციო, სამელიორაციო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწესრიგება, ახალი სკვერები დაემატება სოფლებს. ასევე დაგეგმილია ახალი წისქვილების მშენებლობა. ამ მიმართულებით 5 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, დაიხარჯება 4 მლნ ლარზე მეტი“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლო მომავალში  დაიგეგმება საგაზაფხულო სამუშაოები, გატარდება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები,  განხორციელდება მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა.
 
"უკვე ვგეგმავთ ნაადრევი საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებას. წელსაც იმოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხვნა-თესვის პროგრამა. აქტიურად ვიმუშავებთ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენ მაცხოვრებელს, რომელსაც გააჩნია საკუთარი მეურნეობა მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის ზიანი, რომელიც ამ დარში, მათ შორის ფაროსანას და სხვა რისკებიდან გამომდინარე არსებობს. ამ მიმართულებითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმუშავეს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში“ - განაცხადა აჭარის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში