2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 თებერვალი 2024, 11:14 347 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის განმარტებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 278.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 599.4 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 6.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 34.6 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.9 პროცენტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის, 9.6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონის, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა – 47.2 პროცენტი განხორციელდა მეგობრების, ან ნათესავების მონახულების მიზნით.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 278.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12.0 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი