სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა - პროკურატურა

28 თებერვალი 2024, 13:16 242 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა.

"ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს აწვდიდა, თითქოსდა საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება მოახდინა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ბათუმში მიიღო.

აღნიშნული გზით, ბრალდებულმა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხა განათავსა.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკანონო შემოსავის ლეგალიზაციის ფაქტზე სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულადი თანხა 7 200 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში