ხელისუფლების პოზიციაა არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში - დავითაშვილი

26 თებერვალი 2024, 13:17 321 ნახვა

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიღოს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„სრული მზადყოფნა არის, რომ უზრუნველვყოთ დამკვირვებლების უსაფრთხო გარემო, ასევე სათანადო სამუშაო პირობები. აქ საუბარია არა მხოლოდ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებზე, ჩვენი მხრიდან იყო განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მივიღოთ პროცესში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ამის თაობაზე ძალიან მკაფიო პოზიციები აქვთ, კორუფცია არის მიუღებელი.

„კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია. შესაბამისად, მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ ინსტიტუციები გაძლიერდეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, დაგეგმილი ცვლილებებიც ამას ემსახურება. ეს პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკური ჯგუფები იმუშავებენ, მათ შორის ვიმუშავებთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება გაატარებს, სწორად გაგებული, გააზრებული და ასევე მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან“,-განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში