დღეს პარლამენტში ერთდროულად ორი კანონპროექტი დაინიცირდება

26 თებერვალი 2024, 10:38 322 ნახვა

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორი კანონპროექტის ინიცირება მოხდება.  საუბარია "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში ცვლილებაზე. კანონპროექტების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.

დოკუმენტების მიხედვით, იცვლება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში რეაგირება; დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია; უქმდება ამჟამად არსებული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის პირველი პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. 

ამასთან, ცვლილებებით, სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში