მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი - ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით

24 თებერვალი 2024, 17:15 530 ნახვა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესები, - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის, ის რომ საჭიროა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო, წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო, წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება, შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე 2007 წელს, ჯერ კიდევ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი არსებული შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, ანუ იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

 

კიდევ ერთხელ, წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის.

 

დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი შენობა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რასაც ყველა იზიარებს, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივი.  

 

ეს მიზნები, აუცილებლად, განხორციელდება უახლოესი წლების განმავლობაში. აუცილებლად, აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი მედპერსონალით, რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ვიდრე აშენდება ახალი. 

 

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება, როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პრემიერმა განმარტა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე, არ აშენდება ახალი შენობა. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ექიმებს და აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ რაციონალური წინადადებები და მიდგომები, რის შედეგადაც მოხდა ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე შეჩერება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი