მთავრობისათვის პრორუსულობის დაბრალება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო ოპოზიციის სამარცხვინო არსენალში. არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის ის, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საზოგადოებას მარტო უწევს. მისი თქმით, ამ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს.
„კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს – დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა, საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.
"ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამოვნო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მოგვიანებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია.
მისივე განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში, მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს.
„არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა. ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს. რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხაროდ სააკაშვილის დეზინფორმაციას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის სამარცხვინო მხარდაჭერა. მისი თქმით, ტყუილი მალე გამოაშკარავდა და ყველამ კარგად დაინახა, სად დგას სიმართლე.