საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც 8 მეწარმე სუბიექტის დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი იყო, საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რის შედეგადაც განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3 223 000 ლარის გადასახადს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) და 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.