გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

05 თებერვალი 2024, 16:26 486 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარი ორიენტირი კეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე.

"ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა სისტემის დეცენტრალიზაციის კუთხით, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი, რესურსცენტრების როლი და შეიქმნება სკოლების მხარდამჭერი ძლიერი სისტემური მექანიზმები. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით გაგრძელდება საჯარო სკოლების ავტორიზაცია.

 

გრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია, დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა და გაგრძელდება ელექტრონული რესურსების განვითარება. პარალელურად გაგრძელდება სახელმძღვანელოების განახლებისა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი და დაიწყება სკოლის საშუალო საფეხურიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალ მოდელზე მუშაობა.

 

ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება. მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ მუშაობას უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ხელშეწყობის კუთხით. შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება მათთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება“,- განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება სკოლამდელი განათლების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა. ასევე აღნიშნა, რომ რეფორმა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას.

ამასთან, თვითშეფასების მხარდაჭერის პროცესი უფასოდ და თანაბრად უზრუნველყოფილი იქნება, როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებისთვის.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით.

„უპრეცედენტოდ გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება“,- განაცხადა ამილახვარმა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზება. მათ შორის, ჩატარდება მასწავლებლის ეროვნული დღე, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები.

მისივე განცხადებით, განახლდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.

გიორგი ამილახვარმა სკოლებში თანასწორი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მინისტრობის კანდიდატმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული. ამასთან, განხორციელდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ტრანსფორმაცია ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და კონსულტირების გუნდად. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გაუმჯობესდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტით მანდატურის სამსახური არის წარმოდგენილი. განხორციელდება სკოლებში აღდგენითი ურთიერთობების მიდგომების დანერგვა „პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარებისათვის, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სასკოლო მედიაცია წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი