აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ეცნობიან. იანვრის განმავლობაში რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადრიდის, რიგის, ვილნიუსის, ჰელსინკისა და წელს, პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ადგილზევე მიეღოთ. გამოფენების ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები იმ ტურისტულ, სარეკლამო კომპანიებთან თუ მედია ორგანიზაციებთან, რომელთან თანამშრომლობითაც აჭარის რეკლამირება და პოზიციონირება მიმდინარე წელს იგეგმება.
ასევე აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოფენებზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაცია 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე იგეგმება, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში.