რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა. განცხადებას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ავრცელებს.
ქალაქ ხარკოვმა საჰაერო თავდასხმების სამი ტალღა განიცადა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კიევზე, ცენტრალურ უკრაინასა და ხერსონის სამხრეთ რეგიონზე. ვლადიმერ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთმა კიდევ ერთი კომბინირებული დარტყმის მიზნით 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა. 200-ზე მეტი შენობა დაზიანდა, მათ შორის 139 საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტიდან 22 ჩამოაგდეს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 20-მდე რაკეტა მოიგერიეს.