უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობა რეგულირებულია კანონით, ელექტრონული ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით - კალანდარიშვილი

23 იანვარი 2024, 12:28 452 ნახვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის მონაწილეობის საკითხი რეგულირებულია საარჩევნო კანონით და საარჩევნო კანონმდებლობა იმპერატიულად ამბობს იმ ვადებს, წესებს, პროცედურებს, რომლებიც ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებისთვის არის განსაზღვრული.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ცესკო, ისევე, როგორც სხვა უფლებამოსილი უწყებები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ ყველა იმ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას.

„რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ბოლო პერიოდში უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ირგვლივ მოვისმინეთ, მათ შორის მანიპულაციური, მათ შორის დეზინფორმაციული – უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის დროზე ყველა ეტაპთან დაკავშირებით მოახდენს შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებას. საარჩევნო უბნები იქმნება კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე. საარჩევნო პერიოდში ზუსტი სია რომ გვქონდეს, შესაბამისი უწყება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომელიც გახდება შემდგომ საფუძველი, რომ კომისიამ იმსჯელოს კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით.

 

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს მრავალპარტიული გადაწყვეტილება ტექნოლოგიების გამოყენებაზე, კანონში ჩაიწერა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებას ადგილი ექნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ინტერნეტის გამოყენების გარეშე ზუსტად იმიტომ, რომ საფრთხეები, რისკები, რომელიც კიბერთავდასხმებსა და კიბერსაფრთხეებს უკავშირდება, ყოფილიყო თავიდან აცილებული, ზუსტად იმ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე განმარტებით, ტექნოლოგიებთან მიმართებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ელექტრონულ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი