მოსალოდნელია საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყოს - მსოფლიო ბანკი

10 იანვარი 2024, 12:49 540 ნახვა

ანგარიშის თანახმად, 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ ანგარიშშია საუბარი.

„ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, და ასევე ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

 

პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8 პროცენტამდე შემცირდება, რაც ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მონეტარული პოლიტიკა სავარაუდოდ გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.

 

მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, აღნიშნულ პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.

პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია, იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება, ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება, 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის და 2030 წლისთვის განვითარების მიმართულებით სხვა ძირითადი გლობალური მიზნების მისაღწევად, განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების არსებითი ზრდა დასჭირდებათ – დაახლოებით 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი