შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ბრიფინგი გაიმართა.
კუპატაძის თქმით, მიმდინარე წელს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 282 ნარკორეალიზატორი და განსაკურებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 282 ნარკორეალიზატორია დაკავებული. პოლიციამ ჯამში მთელი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 84 კილოგრამი „ჰეროინი“, 20 კილოგრამი „ალფა პვპ“, 9 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2,5 კილოგრამი „კოკაინი“, 4 კილოგრამი „მეფედრონი“, 2.5 კილოგრამი „მდმა“, ასევე, 304 კილოგრამი მარიხუანა, 4 ტონამდე „კანაფი“, 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები და 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, აქტიურად ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ კომპლექსურ ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებს ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით“, – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.