სამშობლოს ღალატი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუნდაც, იმისთვის, რომ ეს სასჯელი გახდეს მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც მომავალში მსგავსი დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს - "ხალხის ძალა"

27 დეკემბერი 2023, 10:07 509 ნახვა

„ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და კანონი 2008 წლის სექტემბერში მიიღეს, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა დანიშნა.

„ეს ის გოგავაა, რომელმაც ძველი „რუსთავი 2“-ის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა. უფრო მეტიც, გოგავამ განმარტა, 8 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების წარმოებისას იმიტომ ვჩქარობდით, რომ პირველი ფაზის დასრულება საომარ მოქმედებებში რუსული ჯარის შესაძლო ჩართვამდე მოგვესწროო.

 

ისიც გვახსოვს, როგორ დააანონსეს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობილების აღდგენა ჯერ მამუკა ყურაშვილმა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ისიც გვახსოვს, 8 აგვისტოს როგორ საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, კახა ლომაია და სხვები არა იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსული ჯარისგან იცავდა თავს, არამედ იმის შესახებ, თუ როგორი წარმატებით იკავებდა ქართული ჯარი კონფლიქტის ზონაში დასახლებებს და როგორი წარმატებით მიმდინარეობდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენის ოპერაცია.

 

რა გასაკვირია, რომ „ნაციონალებმა“ 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვისთანავე მათ მიერ კონტროლირებადი ყველა ტელევიზიიდან – მათ შორის „რუსთავი 2“-დან, „იმედიდან“ და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სრულად გააქრეს 2008 წლის არქივები. იმ დღეების ეთერების უწყვეტი კადრები ახლა რომ გვქონოდა, ჩვენც და იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც 2008 წელს მცირეწლოვანნი იყვნენ ან სულაც დაბადებული არ იყვნენ, სრული სიმძაფრით დაგვიდგებოდა თვალწინ იმ უმძიმესი ღალატის ქრონიკა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა.

 

ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც „ნაციონალებმა“ საკუთარ საბრალდებო დასკვნას თავად მოაწერეს ხელი. ევროსაბჭოს რეზოლუციით მათ აღიარეს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლის აგვისტოს ღალატს წინ უძღოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, სააკაშვილის მიერ დევნილებისთვის 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება, რუსეთის მიმართ უხეში რიტორიკის მუდმივი გამოყენება და უამრავი პროვოკაცია, რომელმაც, საბოლოოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა.

„გარდა ამისა, 2006 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოაწყო არაერთი სამხედრო პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე პროვოკაცია უშუალოდ აგვისტოს ომის დაწყებამდე განხორციელდა. ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს, რომ 2008 წლის დანაშაული არ იყო სპონტანური და დაუგეგმავი, არამედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობისა და მისი პატრონების მიერ კარგად გათვლილი სცენარი, რომელმაც საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ბუნებრივია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ომში რუსეთი გაიმარჯვებდა. თუმცა, მათი გეგმა არც იყო წინააღმდეგობის გაწევაზე გათვლილი. მაშინ „ნაციონალებმა“ შეასრულეს დაკვეთა, რომელიც არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ გარკვეულ გლობალურ მიზნებზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ამ გლობალურ სცენარში საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცის მისიისთვის გაწირა, რაც სამშობლოს ღალატი იყო.

საინტერესოა, რომ „ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და შესაბამისი კანონი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში მიიღეს. იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერები სამშობლოს ღალატის შესახებ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ასევე, პარტიულ თანამდებობებზე აწინაურებენ ადამიანებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების დაწყება აქვთ აღიარებული. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2008 წელს ჩადენილი ღალატი მათ ოდნავ დისკომფორტსაც კი არ უქმნის. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ნაციონალებს, პატიმრების წამებასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების გაყალბებასთან და სხვა უმძიმეს დანაშაულებთან ერთად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი.

ჰააგაში და სტრასბურგში სასამართლო პროცესების დასრულებამდე ყველა თავს ვიკავებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულისა და ღალატის შეხსენებისგან, რათა მათი დანაშაულის ხაზგასმას სახელმწიფოს ინტერესები არ დაეზიანებინა. თუმცა, ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, სასამართლო პროცესები საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჰააგას და სტრასბურგს საერთოდ არ უმსჯელიათ ომის დაწყების საკითხზე და დაადგინეს, რომ ქართულ ჯარს 2008 წელს არც ომის დანაშაული ჩაუდენია და არც ადამიანის უფლებები დაურღვევია.

სასამართლო პროცესები დასრულდა და სამართლებრივი რისკები აღარ არსებობს, ჩვენ კი მაინც დუმილის სტრატეგია შევინარჩუნეთ, რაც არასწორია. ახლა, როდესაც ნაცმოძრაობისთვის 2008 წლის დანაშაულის შეხსენებას საქართველოსთვის არავითარი ზიანის მოტანა აღარ შეუძლია, მათ დანაშაულზე ხელის დაფარება ყოვლად გაუმართლებელია. სამშობლოს ღალატი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუნდაც, იმისთვის, რომ ეს სასჯელი გახდეს მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც პატრიოტიზმის ნაკლებობამ მომავალში სამშობლოს ღალატი და მსგავსი დანაშაული შეიძლება ჩაადენინოს.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს. ვფიქრობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო ნაციონალური მოძრაობის გასამართლებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში