„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულო 7-მა, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში 1-მა დეპუტატმა დატოვა. პარტია დატოვეს ორგანიზაციის იმ წევრებმაც, რომლებიც ნიკა მელიას უჭერენ მხარს. მძიმე და ემოციურად ურთულესი გადაწყვეტილება - ასე აფასებს პარტიის უკვე ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გიორგი კირთაძე ამ გადაწყვეტილებას. პარტიის უკვე ყოფილი წევრების განმარტებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
თუმცა ამბობენ იმასაც, რომ რჩებიან ვარდების რევოლუციის იდეოლოგიის ერთგულები და ახალ პოლიტიკურ პლატფორმასაც აანონსებენ. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია ახალ პარტიას დააფუძნებს, ისინი ამ პარტიაში აუცილებლად გაერთიანდებიან, მანამდე კი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას.
პარტიის დატოვების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. ნიკამ ელიას ფლანგის წევრებმა რამდენიმე კვირის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ მანიფესტს ხელი არ მოაწერეს. ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ცენტრალურ ოფისში.
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ბოლო 9 თვეა ისინი პარტიის იმიჯს აზიანებდნენ და იმედოვნებს, რომ პარტიის დატოვების შემდეგ გააგრძელებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას.