ცხრა პრიორიტეტის შესრულებისთვის სამუშაო პროცესში კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა, საქართველოს ევროპულ მატარებელში იყოს, დღეს როგორც არიან ბაქანზე მარტო და ჩამოსტირით ცხვირ-პირი, ასე რომ არ იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ისევე, როგორც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, კარი იყო ღია ყველასთვის, ვისაც უნდოდა ამ ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება. ასევე იქნება კარი ღია ყველასთვის, ვისაც უნდა, საქართველოს ამ ევროპულ მატარებელში იყოს და დღეს როგორც არიან, ბაქანზე მარტო და ჩამოსტირით ცხვირ-პირი, ასე არ იყვნენ. ამიტომ, იქნება ღია ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად თუ შეხედავთ ცხრა პრიორიტეტს, ნახავთ, რომ თავისი არსით, არის შეუდარებლად მცირე ამოცანები, ვიდრე 12 რეკომენდაციის პირობებში იყო. საკანონმდებლო საქმიანობის მხრივ ბევრი დარჩენილი არც არის, რამდენიმე საკითხია და თავისთავად, პარლამენტში ჩვენს ყველა კოლეგას და ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს, ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესში, მათ შორის ენჯოებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება, რომელიც ცხრა პრიორიტეტთან არის დაკავშირებული, დღეს გამართულ კონფერენციაზე ამ საკითხებზეც იქნება მსჯელობა.
„ახლა უკვე ახალი თავი იხსნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ცხრა პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. დღეს ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ სამოქმედო გეგმის პროექტს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის განხილვისას სამოქალაქო საზოგადოება აქტიური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა მალე დამტკიცდეს, იმისთვის, რომ გეგმის განხორციელებაზე გადავიდეთ. კონფერენციაში პარლამენტიდან წარმოდგენილი იქნებიან როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიცია. წინა ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ამგვარი კონფერენცია ძალიან საგნობრივი დისკუსიის პლატფორმაა. იმედი გვაქვს, რომ დღესაც შინაარსობრივი, საგნობრივი დისკუსია იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი სიკეთე, რაც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს არის, რომ დაიშალოს.
„სხვა დანარჩენი მათ 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ბოროტების, ზიზღის, ბოღმის, წამების, ადამიანის ღირსების აყრის გარდა არაფერი მოუტანიათ ამ ქვეყნისთვის. 20 წელია, ემტერებიან საქართველოს და შექმნილი აქვთ ანტიქართული პლატფორმა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დამატებითი ბერკეტები და ძალადობდნენ სახელისუფლებო ბოროტებით, ახლა არიან ოპოზიციაშია და ძალადობენ სიტყვიერად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია და არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში.