ხუთმა-ექვსმა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან, მაშინ საერთოდ რატომ არის ეს საკითხი პრობლემა - პაპუაშვილი

21 ნოემბერი 2023, 12:51 570 ნახვა

ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო ბარიერის საკითხი ხელოვნურად წამოწეული თემაა.

„გასაკვირია, საერთოდ საიდან გამოჩნდა ეს თემა, რადგან ოპოზიციას რასაც ვაკვირდებით, თავს იმართლებენ, სამჯერ გაზარდეთ ბარიერი, არავის გვაქვს პრობლემაო. რაც დავთვალე, ხუთმა-ექვსმა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს პრობლემა, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა ხუთ პროცენტზე, ასევე განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“.

ამ ექვსმა პარტიამ თქვა, რომ არ აქვს პრობლემა. თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი პრობლემა. ამიტომაც ხელოვნურად წამოწეული თემაა. არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია, წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში, რომ ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმი, სინამდვილეში, გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული რამდენიმე ერთეული პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში. ხუთი პროცენტი არის ადეკვატური და სწორედ ამიტომ არის ის უმეტეს ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ბარიერისთვის მოემზადონ. იყო სხვა გარემოებები, რომელიც გამომდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებიდან და შემდეგ ანულირებული იყო. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ არანაირ ცვლილებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი