ადამიანების წამება, არჩევნების გაყალბება, ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთისთვის გადაცემა არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა - კობახიძე

20 ნოემბერი 2023, 14:47 541 ნახვა

ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთისთვის – ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პირობებში „ნაციონალების“ მხრიდან ,,ვარდების რევოლუციაზე'' საუბარი თავხედობაა.

„იცით, „ვარდების რევოლუციამ“ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადმიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის – ეს არის ,,ვარდების რევოლუციის'' მემკვიდრეობა. ასეთ დროს, „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი ,,ვარდების რევოლუციაზე'', არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შიდა დაპირისპირების ხარჯზე მცირდება და არავითარ დოკუმენტს არ აქვს პრობლემის მოგვარების რესურსი.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის შიგნით“ მიმდინარე პროცესებს, ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე გრძელდება კინკლაობა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ამის რესურსი არავითარ დოკუმენტს არ აქვს, ბუნებრივია, კინკლაობა გაგრძელდება და დაპირისპირება გაგრძელდება. ეს ყველაფერი კარგია. კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მცირდება ამ კინკალობის და დაპირისპირების ხარჯზე“, – აღნიშნა ირაკლი კობაიხძემ.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე თეა წულუკიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კახა კალაძე განიხილება.

„სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი ფანტაზიები გაშალოს ხოლმე. დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, როცა არის ხოლმე შესაბამისი დრო, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“,- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი