მომავალი წლის აჭარის ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი დაახლოებით 140 მილიონი ლარი იქნება - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტები არის დაგეგმილი.
"იზრდება პრაქტიკულად ყველა მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარი იქნება. მომავალ წელს ჩვენ ვაგრძელებთ, ძირითადი კომუნალური ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება - მილიონ ნახევარი ლარი. აგრეთვე, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში იწყება წყალმომარაგების, წყალარინების პროექტები. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რაც ემსახურება იმას, რომ აჭარა წელიწადის ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტულად საინტერესო, ამ თვალსაზრისით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრაქტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და უკვე მომდევნო წელს დაიწყება გოდერძისა და გომარდულის სათხილამურო გზების მშენებლობა, აგრეთვე საბაგირო გზების მშენებლობა", - აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.