პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
"კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი ამოიწურა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ. შეზღუდვა მედია საშუალებების წარმომადგენლებს არ შეეხება.