მჯერა, ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი,  ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, როდესაც საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ - პრემიერი

05 ოქტომბერი 2023, 15:01 590 ნახვა

ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბრისას მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომელთა გაზიარებაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ. ვფიქრობ, მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინდახედულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უსწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან.

„ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებული არის უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით. ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ სამწუხაროდ. ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა ესპანეთში, მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყების წინ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ამ ეტაპზე უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსზე.

„ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. ახლა, ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის თუნდაც, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ეს არის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია, ეს ერთი მხრივ, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, იმედს და მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს, ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, შიდა და გარე მტრები საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, რომლებიც ეხმარებიან და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სპეციფიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

„ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ამ მხრივ ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან. ჩვენ არ გვაქვს არც ნატო-ს ქოლგა, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ტურბულენტობით. მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება. რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია, აი, ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში