„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებში სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა - ომბუდსმენი

05 ოქტომბერი 2023, 09:52 424 ნახვა

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც, სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მით უმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში