პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება, რომ ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში - მაია კოპალეიშვილი

03 ოქტომბერი 2023, 14:48 550 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება, რომ ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტს საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში. მისივე განმარტებით, პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას ვერავინ წაართმევს.

"საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უფლებამოსილია, საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობდეს თავისი სტატუსით. საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერ იქნება ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე, რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში, მან ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება, თუნდაც შეხვდეს კოლეგა პრეზიდენტებს და გარკვეული მოსაზრებები გაცვალოს ამა თუ იმ საკითხზე. ეს უკავშირდება არა 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ შინაარსს და უკავშირდება არა მოლაპარაკებებს, ან წარმომადგენლობას მთავრობის ნებართვით, არამედ საკუთარი სტატუსის ფარგლებში, მას 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას ვერავინ წაართმევს.

ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი ნამდვილად მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში. მისი მოქმედება არ შეიძლება, მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში. ამიტომ ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა.

მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ 49-ე მუხლის მესამე და 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აუცილებლად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან“, -  განაცხადა კოპალეიშვილმა.

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი