სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო უწყების ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.