კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის - პრემიერი

28 სექტემბერი 2023, 15:16 388 ნახვა

კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„მქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მათ ღიად ვესაუბრები. ჩემი გზავნილი არის მარტივი, ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე ეს მათ მკაფიოდ დაუვფიქსირე. სხვა შემთხვევაში, მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის, უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ისევე, როგორც მიუღებელია მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ე.წ.ტრიოს ფორმატში, უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ფორმატში, ყოველთვის იყო და არის დღესაც მოწინავე პოზიციებზე...

არსებობს უამრავი სფერო და მიმართულებები, წინ ვართ ამ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ არავისი კარგი არ გვწყინს, არ გვშურს, გვინდა, ყველას ვუსურვოთ უფრო მეტი პროგრესი, მაგრამ ერთი რამ მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, მე მათ ვუთხარი პირდაპირ, ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს. სხვა შემთხვევაში, ამოუხსნელი იქნება მათი ეს გადაწყვეტილება. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. შარშან არც მოლდოვას, არც უკრაინას არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი პრიორიტეტი, არც ერთი პირობა და მათ ავანსად, ე.წ. ბონუსად მისცეს სტატუსი. ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ, ამდენი რაღაც გავაკეთეთ, მანამდეც გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ახლაც, ერთი წლის განმავლობაში ამდენი რამე გავაკეთეთ, ასეთი ღია, გამჭვირვალე პროცესი ვმართეთ.

აშშ-ის შემდეგ, ილია დარჩიაშვილი იყო უკვე ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური მესიჯები, გზავნილები მოდის ევროპიდან. არ მინდა, მოვლენებს გავასწრო. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე პუნქტი რაც დაგვიტოვა ბორელის გუნდამ, ბოლო დაზუსტებები, ამაზეც იცით, რომ ირაკლი კობახიძე გამოვიდა, თქვა, ამ ყველაფერს ვასრულებთ, შევასრულებთ, ძალიან მალე დაიხურება ეს პროცესი, თვის ბოლომდე, ამიტომ არავითარი მიზეზი, საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ ჩვენ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში