ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება სიცრუეა - გომელაური

22 სექტემბერი 2023, 16:55 655 ნახვა

ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა „სპეკულაცია“ უწოდა განცხადებებს, რომ ვერტმფრენის უფრო ადრე ჩასვლის შემთხვევაში, მეწყერში მოყოლილი ადამიანები შესაძლოა, გადარჩენილიყვნენ.

“ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი მიხვდეს - ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია.

 

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ უვნებლად იყვნენ გამოყვანილები უსაფრთხო ადგილას პირველივე საათებში. რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის განმარტებით, ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმ საკითხს, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. 

„რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15:07 საათზე შევიდა. შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ორი წუთი, რის შემდეგაც 112-დან, 15:10 საათზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, მინიმალურ დროში – 15:12 საათზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა, დაახლოებით ნახევარ საათში, 15:40 საათზე მივიდა ადგილზე.

შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ. მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა, ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16:05 საათზე მივიდნენ, შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.

მისივე განმარტებით,  სტიქიას გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში