ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა - ოთარ ფარცხალაძე

15 სექტემბერი 2023, 21:34 439 ნახვა

ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს.

ფარცხალაძე „რუსთავი 2“-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა რომ ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.

ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ:

„FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში“.

„გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSB-სთან კავშირის შედეგად.“ ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული“, – აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში