სასწავლო წელი დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც, სადაც წელს 46 საჯარო და 3 კერძო სკოლაში 1180 პირველკლასელია რეგისტრირებული.
სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო ქობულეთში, მე-5 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი შენობით, ახალი საკლასო სივრცეებით და ინფრასტრუქტურით შეხვდა.
მეხუთე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2023 წლის იანვარში დაიწყო. რეაბილიტაციისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, მილიონ ცხრაას სამოცი ათასი ლარი გამოიყო. მოსწავლეები დროებით ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.
შენობა საზეიმო ვითარებაში გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ყველა სკოლის პირველ კლასელს, საჩუქრად საქართველოს განათლების სამინისტროდან, პორტატული სასწავლო კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ. მე-5 სკოლას კი საქართველოს განათლების სამინისტროსგან კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა. აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამით სკოლაში განახლდა საბიბლიოთეკო სივრცე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებში, 12 596 მოსწავლე ირიცხება.
ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება ესენია: ზედა სამება, კონდიდი, ბუკნარი და ხუცუბანი, სადაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს ამ ეტაპზე სხვა სკოლებში აგრძელებენ.