პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც ბათუმში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა

14 სექტემბერი 2023, 16:12 703 ნახვა

პროკურატურამ ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, ბათუმში, ბრალდებული ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 2000 ლარის გატაცება სცადა.

„ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ერთ-ერთ თანამშრომელს ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი