გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ვალდებულებები - პრემიერი

08 სექტემბერი 2023, 13:19 585 ნახვა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია კომპლექსური და რთული საკითხია.

„რჩება კიდევ ერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.

 

მთავარი მინდა ვთქვა, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები, რათა მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი შრომატევადია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასევე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია გადმოგვეცა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად და სხვა აქტორებთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის რეკომენდაციები განვახორციელოთ. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინეტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც, ჩვენ კარი გავუღეთ მათ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველომ აჩვენა ძლიერი ნება, რომ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები - 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები.

პრემიერის განცხადებით,  დარჩენილია რამდენიმე ევრორეკომენდაცია, რომელზეც მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს.

ირაკლი ღრაიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. 

"შარშან უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად მიიღო სტატუსი. ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან კარგად ვიცით მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, ვითარება. რა თქმა უნდა, არავის ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. ახლაც მინდა, ჩვენი მხარდაჭერა დავადასტურო უკრაინის, უკრაინელი ხალხის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ მათ ავანსად მიეცათ სტატუსი. უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით, ჩვენ გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და შემდეგ მოგცემთ ამ ავანსს თუ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის საკმაოდ სამწუხარო იყო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო ათ წელიწადში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა, იგივე მედიათავისუფლების, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სასამართლოს რეფორმის, ეკონომიკის განვითარების, სოციალური პოლიტიკის თუ მთავრობის გამჭვირვალობის მიმართულებით.

ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე. ამიტომ, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმედი გვაქვს, ევროკომისია მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას დაუფასებს იმ ერთგულებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქმით, ძალიან მტკიცე მოწოდებით გამოვიჩინეთ, რომ ქვეყანა მეტად დავუახლოოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი, მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. ვიმედოვნებ, ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უსამართლობა იყო, როდესაც შარშან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი