იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო კომიტეტს, ამის შემდეგ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს - მამუკა მდინარაძე

04 სექტემბერი 2023, 19:37 650 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც განიხილეს.

მდინარაძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

„ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შედეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, - განაცხადა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა. ამის შემდეგ საკითხი საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. იმისათვის რომ იმპიჩმენტი შედგეს, დეპუტატების 100 ხმა არის საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 1-ელ სექტემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი