სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას - თემურ მღებრიშვილი

16 აგვისტო 2023, 20:41 823 ნახვა

სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

„სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო. რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ, უკვე ნიადაგი მყარია და ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის თქმით გაიჟღერა თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ აღჭურვილობა, მოყვანილი იყო ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები, დღეს სტიქიის ეპიცენტრში მოხალისე არ იმყოფება, ის ფოტოსურათი იყო ფეიკი

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, თქვენი ეთერებით და ერთ საკითხს შევეხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სენსიტიურია და ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იქნება. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გაშუქდა, გაიჟღერა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა. მოყვანილი იყო რამდენიმე ფოტო, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოცანა, მოხალისეების მიმართ მოწოდება, რომ ქაოტურად, უკონტროლოდ არ შემოსულიყვნენ ტერიტორიაზე, სტიქიის ეპიცენტრში და არ მომხდარიყო რამე გაუთვალისწინებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ მოხალისეს, იმ გულანთებულ ადამიანს, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და პირველ ეტაპზე ეცადა თავისი საშუალებებით, როგორც თვითონ შეეძლო, ისე ემოქმედა, ამ ყველაფერს გულისხმიერებით მოეკიდა. დღეს იქ მოხალისე არ იმყოფება და ის ფოტოსურათი იყო აბსოლუტურად, წმინდა წყლის ფეიკი. მარტივი ტესტი და ინდიკატორი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც მარტო კიდურები უჩანდა, თუ იქნებოდა მეხანძრე-მაშველი, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ სრულად იქნებოდა ფოტო გადაღებული“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისას საქართველო ასახელეს.

„ნურავის დაავიწყდება, რომ ეს ის სამსახურია და ბიჭები არიან , რომლებმაც თებერვლის თვეში თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყანა ასახელეს თავიანთი გმირობით, დაუღალავი შრომითა და თავდადებით. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის და ნუ დავწყვეტთ გულს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი