შოვში ერთსა და იმავე დროს გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები მოხდა, ამ ეტაპზე განმეორებით საფრთხე არ არსებობს - გეოლოგი

04 აგვისტო 2023, 10:48 641 ნახვა

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა 1991 წლის მიწისძვრისა, მსგავსი სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა.

"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები მოხდა. კერძოდ, მდინარის სათავეებში 2 მყინვარია, რომლებიც ინტენსიურად დნება. ამას უხვი ნალექი დაემთხვა. ჩამოირეცხა ნაპირები, გააქტიურდა ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესები. ეს ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც ცნობილია. მსგავსი სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში უმოკლეს პერიოდი მივიდნენ და სამუშაოები დაიწყეს. დღესაც 6 ჯგუფი მუშაობს. ათვალიერებენ არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ატარებენ ინსტრუმენტულ მონიტორინგს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის. სიტუაცია დასტაბილურდა, კვლევები მიმდინარეობს. სტიქია სრულად ბუნებრივ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე, გამეორების საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში