ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ სრულად განხორციელების აუცილებლობას - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.
„ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“.
ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რაც გამოწვეულია მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის შედეგად.