ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს - ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2023, 13:35 630 ნახვა

ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, როგორ შესრულდა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

"საზოგადოებას და მედიას დეტალურად გავაცნობ ინფორმაციას, რა არის დღევანდელი მდგომარეობა. რეალობაა ის, რომ ჩვენ პრინციპულად შევასრულეთ 12 რეკომენდაცია. შეიძლება გარკვეული საკითხები რჩება, რაზეც, მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა და ამაზეც დეტალური განმარტება გვექნება. ჩვენ საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს. ქვეყნის შიგნით ვიცით და შეიძლება, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოეწერა საბოტაჟის, შანტაჟის ქვეშ, მას ფასი არ აქვს, მათ შორის იმის გამოც, რომ შეთანხმების პუნქტები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგებოდა. კობახიძის თქმით, შემდეგ გარკვეული ცვლილებები შევიდა რეგულაციებში და შესაძლებელი გახდა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა.

"ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს რეგულაციები იყო წინააღმდეგობაში ევროპულ პრაქტიკასთან და ასევე აუცილებლად შექმნიდა პრობლემებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შემდეგ რეალურად შეიქმნა, მაგრამ გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილი იქნა საბოტაჟის, შანტაჟის ქვეშ, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას. აქედან გამომდინარე, შემდეგ, როდესაც ოპოზიცია თავადვე არ შეუერთდა შეთანხმებას, მოხდა მისი ანულირება. ჩვენთვის, ბუნებრივია, ყველაფრის გათვალისწინებით, 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი ფასი არ აქვს, მათ შორის იმის გამოც, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩადებული იყო ისეთი პუნქტები, რომლებიც იყო წინააღმდეგობაში ევროპულ პრაქტიკასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელოვნურად არის შექმნილი კრიზისული ვითარება ცესკო-ში. პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტისთვის კონკრეტული კანდიდატების წარდგენაზე, ერთადერთი მიზეზით, რომ მათ მხარს არ უჭერდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ორ წელიწადზე მეტია, რაც ცესკო-ს წინა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დატოვა თანამდებობა. შესაბამისად, ორ წელიწადზე მეტია, ცესკო-ს არ ჰყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე. არის მხოლოდ ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარე, ასევე ორი წევრი, რომლებსაც გაუხანგრძლივდათ უფლებამოსილების ვადა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა წევრები არ არიან არჩეული და სხვა თავმჯდომარე არ არის არჩეული. ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა. ხელოვნურად არის შექმნილი ერთგვარი კრიზისული ვითარება ცესკო-ში და ეს ვითარება აუცილებლად გამოსასწორებელია. შეგახსენებთ, თავის დროზე პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე, ცესკო-ს ორი წევრი, წარმოუდგინა პარლამენტს და ამ კანდიდატებმა მიიღეს პარლამენტის მხარდაჭერა, მაშინ ოპოზიციონერებიც იყვნენ, რომლებიც მხარს უჭერდნენ შესაბამის კანდიდატებს. ამის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ჰქონდა მათი წარმოდგენის საშუალება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები, პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტისთვის მათ წარდგენაზე, ერთადერთი მიზეზით, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერდა, მაგალითად, „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ და ა.შ. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება არგუმენტი. თუ კონკურსი ტარდება, განმსაზღვრელი უნდა იყოს კონკურსი.

 

შესაბამისად, პრეზიდენტმა დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და მიუხედავად იმისა, რომ, კონკურსის მიხედვით, ეს ადამიანები იყვნენ საუკეთესოები, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამმა ადამიანმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა როგორც თვითმმართველობის, ასევე შუალედური არჩევნები, პრეზიდენტმა უარი  თქვა მათ წარდგენაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ აშკარად ნიშნებს, რომ არის ცესკო-ში ხელოვნურად კრიზისის შექმნის მცდელობა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. რა თქმა უნდა, კანონი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიღებული, რომელთან დაკავშირებითაც დღეს დაიძლევა ვეტო, ემსახურება სწორედ ასეთი ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ჩატარდა, მაგალითად, ბოლო თვითმმართველობის არჩევნები. აქედან გამომდინარე, უმთავრესი ამოცანაა, არავის მივცეთ ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა "თავდაცვის კოდექსის" შესახებაც და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „თავდაცვის კოდექსის“ ირგვლივ განხილვებისთვის მზად არის.

,,გაიმართება საპარლამენტო განხილვა, რამდენი დროც უნდა დასჭირდეს. ამ კოდექსის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს. რაც შეეხება „გირჩს“ – ერთს, მეორეს, როცა თან სოჭისკენ იქაჩები და თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, სარეზერვო სისტემას და გაწვევის სისტემას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, რომ ან იქ არ უნდა იქაჩებოდე, ან ეს არ უნდა დაბლოკო.

„თავდაცვის კოდექსი“ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ განხილვებისთვის და „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებლად იქნება მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი