1 წელი „ზმეინის“ კუნძულის გათავისუფლებიდან

01 ივლისი 2023, 11:50 489 ნახვა

რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე 494 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით დაზარალდა 1 033-ზე მეტი არასრულწლოვანი. ოკუპანტებმა ხერსონში იერიში საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს, დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ დღეს რუსმა დამპყრობლებმა გამოიყენეს ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონები. მათგან 10 დრონი უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით გასულ დღეს მტრის საბრძოლო მასალის 3 საცავი განადგურდა და მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის უბნებს 10 დარტყმა მიაყენეს.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილს, ევროკავშირმა დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. უკრაინის პრეზიდენტმა კი თავის ვიდეომიმართვაში შეიარაღებული და გაერთიანებული ძალების მეთაურებს ჩრდილოეთით საზღვრების გამაგრება დაავალა, აღნიშნა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა ზმეინის კუნძული, რომელიც 1 წლის წინ გაათავისუფლეს. ასევე შეაფასა ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო იმიჯი და აღნიშნა, რომ მისი მოკვლა მხოლოდ რუსეთში სურთ, პუტინის მოკვლა კი მთელ მსოფლიოს. ცნობისთვის უკრაინაში ესპანეთის პრემიერ მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში