პარლამენტის პლენალურ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრეს. დეპუტატთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით. კანონპროექტის მიხედვით, იგი 2026 წლის პირველ იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით. ინიციირებული ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა, იმავდროულად ეკავოს თანამდებობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება. პროექტის ავტორთა განმარტებით მეურვეთა საბჭოს ემატება კვოტა. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური. კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს 29 ივნისს მოხდება.