დეოლიგარქიზაციის კანონი მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული, დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიციას - კობახიძე

21 ივნისი 2023, 15:14 651 ნახვა

დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონი მომავალ კვირაში მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თხოვნა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს დადგა.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოხატულ პოზიციას დაელოდება.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას'' – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შესასრულებელი იყო 12 პუნქტი, არსებითად შესასრულებელი იყო ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას, ყველა შესაბამისი კანონი ამ თვის ბოლომდე იქნება მიღებული.

„არის გარკვეული პუნქტები, რომლებზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის პირველ რიგში დეპოლარიზაცია. ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე, ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, სადაც იყო თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, რაზეც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს ანგარიშს საზოგადოებას და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან, ახალი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი