ნიკა გვარამიას საქმეს დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით გასული წლის განმავლობაში. ცოტა ხნის წინ მისი დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის ყურადღებით მონიტორინგს, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, 12 რეკომენდაციის საკითხზე საუბრისას ელჩი აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდებიან პროგრესს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება 12 პრიორიტეტს, გაერთიანებული სამეფო განსხვავებულ პოზიციაშია, რამდენადაც ჩვენ აღარ ვართ ევროკავშირის წევრი, თუმცა მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია ასევე აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ფაქტია. ასე რომ, ჩვენ ასევე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროგრესს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩემი ფუნქცია არ არის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, თუმცა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს. გაერთიანებული სამეფო ძალიან მტკიცე მხარდამჭერია ძლიერი მედიის, რადგან ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტი. ასე რომ, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ყველა თქვენგანის უფლებას, რათა აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.