მიხეილ სააკაშვილი არის კაცი მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

19 ივნისი 2023, 12:39 787 ნახვა

სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული, ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ მიზეზი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას.

„600 - დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო - საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა - ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი შანსი არ აქვს.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი სიმულიანტობს 600 დღის განმავლობაში, მას რა რეიტინგი უნდა შერჩეს, მე არ ვიცი, შეიძლება, ჰყავს თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ კაცს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში, ამ კულტურულ საზოგადოებაში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, ბუნებრივია, მას პოლიტიკაში არანაირი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი