თუ ევროკომისია და ვენეციის კომისია ერთმანეთში შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია - ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე

13 ივნისი 2023, 13:09 660 ნახვა

არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. თუ ევროკომისია და ვენეციის კომისია ერთმანეთში შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიცაზიის კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია მეორეს. ახლა რა იგულისხმება ამაში - ვენეციის კომისია ამბობს რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს რომ, სხვადასხვა სფეროში რეფორმა უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას - ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე და თვითონ სიტყვაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.

 

როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, ჩვენ მაშინვე გავაუქმებთ იმ კანონს, რომელსაც ამ თვის ბოლომდე სამი მოსმენით მივიღებთ. სწორედ ამისათვის, ჩვენ კანონის ამოქმედების ვადას 1-ელ მარტამდე გადავწევთ. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ამ შემთხვევაში თებერვალში ჩვენ მიერ მიღებული კანონი გაუქმდება, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონის ამოქმედება მოგვიწევს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას იმიტომ აშფოთებს კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს, განსხვავებით დავით კეზერაშვილისგან.

„საზოგადოებამ იცის, ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ პოლიტიკას, ტელევიზიებს და ა.შ. პირველ რიგში, ეს არის კეზერაშვილი, ბუნებრივია მთავარი ოლიგარქი, რომელსაც თავად აქვს აღიარებული, რომ არის ოლიგარქი და აფინანსებს ტელევიზიას, „ენჯეოებს“ და პოლიტიკურ პარტიებს, ცდილობს, რომ მოიპოვოს პოლიტიკური გავლენა, რათა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, სადაც იყო ის 2012 წლამდე. ამაზე ფაქტები არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის ოპოზიციის შიშები ამ კანონთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, არსებობს მტკიცებულება, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც მიანიშნებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და აქედან გამომდინარე, არც მტკიცებულება აქვთ და არც არაფერი. ამიტომ აშფოთებთ მათ ოპოზიციას და მათ პატრონებს ეს კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი