გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 14 სარაკეტო და 40 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 51-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ 24 საათში ამ ოლქებში 29 შეტაკება მოხდა.
"ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა მხოლოდ მარიინკის მიმართულებით ბოლო 24 საათში 16 შეტევა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. წინ წაწევა საოკუპაციო ძალებმა ვერც ლიმანის მიმართულებით შეძლეს.