მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ "ნაცმოძრაობის" დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში - კობახიძე

31 მაისი 2023, 13:07 766 ნახვა

"ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში რჩება 20 დეპუტატი - მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში 20 დეპუტატი რჩება. მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ბუნებრივია, მათი ფრაქციის უკმაყოფილებაა ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს „ნაცმოძრაობის“ დაშლას. ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ამ პროცესს. ისინი ვერ იჭერენ პარტიაში ვითარებას, არის შიდა კონფლიქტები, არის შიდა უკმაყოფილება საერთო ვითარების მიმართ, რაც არის „ნაცმოძრაობაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დაშლის პროცესი გაგრძელდება. ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის შიგნით დაშლის პროცესის გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ისინი ბუნებრივია, შეშფოთებული არიან ასეთი ინიციატივით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე განიზრახა არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე.

„მარტივი სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას დალაგებული. მათ თავიდანვე განიზრახეს არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, ლოკალურ ომის პარტიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვისაც სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით, ის დაკავებული იქნება საქართველოს საფუძვლიანი და სამართლიანი რეკლამირებით.

„ზოგადად ამ ვითარებაში, რაც შექმნილია ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის ვალია, რომელიც პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, რომ ისაუბროს სიმართლე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, იმაზე, თუ როგორია დემოკრატიის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, როგორია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, რა პროგრესს მივაღწიეთ ჩვენ გასული 11 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რამდენად დიდი პროგრესი გვაქვს, მაგალითად, სასამართლო სისტემაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ვისაც სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით, ნებისმიერი შესაბამისი ადამიანი, ბუნებრივია, დაკავებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეკლამირებით, თან საფუძვლიანი და სამართლიანი რეკლამირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი