საქართველოს მასშტაბით 11 ადგილას სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

26 მაისი 2023, 11:56 833 ნახვა

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცი ჩაიბარა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

თბილისის გარდა რეკრუტებმა ფიცი კიდევ 10 ქალაქში დადეს.

ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.

წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცა საქარტველოს პრეზიდენტმა.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე - თქვენი ფიცის დადების დღე. თქვენ ამ ფიცით საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველა ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს.

 

დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 5-ის ნახევარზე დახვრეტილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 15 მებრძოლი ვაჟკაცი, გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა, თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არ ღირსებიათ, ამიტომ გამოვედი ინიციატივით, რომ 100 წლის თავზე თითოეულ მათგანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში ჩაიწერა და ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების სულისკვეთებას - „ჩვენი პირი დასავლეთისკენ უნდა იყოს მიქცეული, ჩვენი პირი შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული. დღესაც ეს გამოძახილი ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას ესატყვისება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში მიმდინარე ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი