26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე - კობახიძე

25 მაისი 2023, 13:50 552 ნახვა

ეს არის კიდევ ერთი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია: 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა იყოს გამოყენებული.

„ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში, არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ დღის გაფორმებაში. რატომ? იმიტომ, რომ 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე, ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს. არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილები, სამწუხაროდ, მოქალაქეებიც, რომლებსაც „ფეისბუქზე“ უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც არის გამოსახული მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან კითხვა იმაზე, რაზეც შეკითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლოსთვის შესრულებული იქნება.

"ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული. აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა შეფასება იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ შემთხვევაში დეკემბერში ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებასთან შედარებით. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის დაახლოებით 50/50-ზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ  საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური ნაცმოძრაობა.

„სიღრმეში არ მინდა, შევიდე, მაგრამ მსურს, საზოგადოებას ვუთხრა ერთი რამ, რომ არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, როგორიცაა იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ამაზე თუ არის საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა. საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში