2012 წლამდე ისინი ძალადობით გამოირჩეოდნენ, ახლა ვეღარ ძალადობენ, თუმცა ცდილობენ მოიფიქრონ ახალი მეთოდები - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე"

24 მაისი 2023, 14:00 710 ნახვა

როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდნენ თარგამაძე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები, მათ ეს არ გამოუვათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 2012 წლის შემდეგ ვეღარ ძალადობენ საკუთარ ხალხზე, თუმცა ცდილობენ, ძალადობის ახალი ფორმები და მეთოდები მოიფიქრონ.

„რეალურად, ეს ყველაფერი აჩვენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ სურვილებს, ასევე, მათ ბუნებას. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე ისინი თავიდან ბოლომდე ძალადობით გამოირჩეოდნენ. 2012 წლის შემდეგ ვეღარ ძალადობენ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე, თუმცა ცდილობენ, მოიფიქრონ ძალადობის ახალი ფორმები და მეთოდები. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ, როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდნენ თარგამაძე, თუ „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები. ეს გეგმები არის განწირული წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და ასეთი გეგმების რეალიზებას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სანქციები ბუნებრივია არ განიხილება. შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის შემდეგ არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. მეორე პოდოლიაკი, რომელიც გახლავთ დღემდე ზელენსკის მთავარი მრჩეველი. ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რეალურად, არსებითი სხვაობა არ არის 2012 წელს არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის.

„არის გარკვეულ მონაცემებში ცვლილება, მაგრამ არსებითად, მაშინაც არსებობდა დამოკიდებულება და დღესაც არსებობს ეს დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს დათვლილი, რას გამოიწვევდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, ეს იქნებოდა, სულ მცირე, 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამაზე საუბრობდა პრემიერი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის რესურსი არ აქვს, თუმცა საკუთარი ხალხის დაზიანება ასეთი სანქციებით ხელისუფლებას შეუძლია. ამას ბუნებრივია ჩვენ არ გავაკეთებთ. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვჭირდება აშშ-თან, როგორც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება, პირდაპირი ფრენები. იმედია, შემდეგი ელჩის პირობებში ეს საკითხები დაიძვრება. მანამდე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიჭირდა არსებითი პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, სამი მიმართულებით ჩვენ გვქონდეს პროგრესი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი