როდესაც არცერთი ქვეყანა საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, მოთხოვნა, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა - პაპუაშვილი

23 მაისი 2023, 11:49 601 ნახვა

შალვა პაპუაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პოლიტიკა არის შემდეგი, რომ ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არცერთი ფაქტი, ჭორი ეჭვი არ არსებობს. მეორე - ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს.

„კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანია ჩვენს აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი - აქ არანაირ ფრენების აღდგენებზე არ არის საუბარი. საქართველოს არასდროს თავის მხრიდან არ შეუწყვიტავს პირდაპირი ფრენები რუსეთთან. საქართველოს მხრიდან ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთთან, მაშინდელი და შემდეგი ხელისუფლებაც ბარიერს არ უქმნიდა პირდაპირ ფრენებს. პირდაპირი ფრენები დაკეტა რუსეთმა 2019 წელს და ამ გადაწყვეტილებით მან საკუთარი, მაშინდელი გადაწყვეტილება უკან წაიღო. საქართველოს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ის რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელი პოლიტიკაც ჰქონდა აქამდე. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, როდესაც საუბარია შეშფოთებებზე. დააკვირდით ამ განცხადებებს, არცერთ განცხადებაში არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი იქნება თუ რაიმე სტრუქტურა, არავინ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება გვერდის ავლა სანქციის, ან რომელიმე სანქციის დარღვევა. ეს არის ფაქტი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. აქედან გამომდინარე, თუ სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებებში, მაშინ თავიანთ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ.

ჩვენ არათუ ახლა, წელიწადზე მეტია, რაც განვაცხადეთ რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, რომ ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არცერთი ფაქტი, ჭორი ეჭვი არ არსებობს. მეორე - ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ეთანხმება ქართველი ხალხიც. ოპოზიციაც დაეთანხმა შარშან, როდესაც ჰქონდათ საუბარი, რომ ცა უნდა ჩაგვეკეტა რუსეთისთვის, თქვეს რომ არა, მართალი იყო გადაწყვეტილება, რომ არ ჩავკეტეთ ცა, ვინაიდან ამ ცას ტრანზიტად იყენებს სომხეთი. ამბობდნენ, რომ ვიზა უნდა შემოგვეღო. შემდეგ თქვეს, რომ მართალი ვიყავით, როდესაც ვიზა არ შემოვიღეთ. ახლა გადააკეთეს, რომ იქნებ შევამციროთ უვიზოდ ყოფნის ვადები და ა.შ. სინამდვილეში, ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას.

სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება რა იქნება შემდეგი, იქნება ეს ეკონომიკური კონტრდარტყმა საქართველოს მიმართ, თუ სხვა სამხედრო სახის რისკები. იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი