ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 63 მუნიციპალიტეტში საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევნები დასრულდა

22 მაისი 2023, 18:34 624 ნახვა

მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა, 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ხუთ მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა

„მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63-მ მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა. 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და 5 მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია. ამ 5 მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართა მთელი დღის განმავლობაში, დილის 8:00 საათიდან, საღამოს 8:00 საათამდე. მინდა მოგახსენოთ კონკრეტული შედეგები. ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება. წალენჯიხაში არჩევნებზე მივიდა, ურნასთან მისი ხმა დააფიქსირა 2 127-მა ადამიანმა, მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1051-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. წყალტუბოში 737-მა, ქუთაისში 692-მა, ახალ ქალაქში 350-მა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო ამ მუნიციპალიტეტებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის.

დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარის არჩევა, საბოლოო ჯაში 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. თქვენ კარგად იცით, რომ დედაქალაქში არჩევნები არ ჩატარებულა, თავმჯდომარე არ არჩეულა, შესაბამისად, ეს არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წინ, თუმცა შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90% არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით, ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა ადგილზე და არ იყო მიღებული კაბინეტებში. მინდა მალდობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, როგორც კანდიდატებს ასევე ამომრჩეველს, რეგიონალურ მდივანს, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში