სამედიცინო დაწესებულებათა უმრავლესობა ემზადება აკრედიტაციისთვის, რაც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა გახდება - აზარაშვილი

18 მაისი 2023, 15:58 484 ნახვა

აკრედიტაციის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის დანერგვით ჩვენ, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი მიზნობრივად მიმართული იქნება ხარისხიანი სერვისების დაფინანსებისკენ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„სამინისტრომ სიღრმისეულად შეისწავლა საერთაშორისო აკრედიტაციის არსებული სისტემები, აკრედიტორი ორგანიზაციების მოთხოვნები და საერთაშორისო დონის სტანდარტები. დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, რომლებიც ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ უკვე აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან გახდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისკენ და მკურნალობისკენ მოუწოდა.

"მინდა, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად შევძლოთ 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიღწევა"- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს.

„მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება თითოეულ პაციენტზე 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის ონკოლოგიური სერვისები სრულად ანაზღაურდება. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით დაფინანსდა 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი